მოსაზრება: პლანეტის „დენთის კასრი“ აფეთქებას არ აპირებს

Sputnik
ირინა ალქსნისი
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტისა და ამირას მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანის ვიზიტი რუსეთში ფართო აუდიტორიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ანონსი ვიზიტის შესახებ ორშაბათს გავრცელდა, მეორე დღეს კი ის უკვე შეხვდა ვლადიმირ პუტინს პეტერბურგში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი ლიდერის შეხვედრის მთავარი თემის სახით დაასახელა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით „დახმარება ეფექტური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღწევაში“. მაგრამ განხილვის თემატიკა გაცილებით ფართო იყო: ვითარება ენერგეტიკულ ბაზრებზე, სირია, ვითარება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ...
საამიროების პრეზიდენტი პეტერბურგს სტუმრობდა არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ სპარსეთის ყურის ყველა მონარქიის სახელით. მთელი ახლო აღმოსავლეთი და საკუთრივ სპარსეთის ყურის რეგიონი მეტად რთულ ვითარებაში არიან. საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყნები იძულებული არიან თვითგადარჩენაზე იფიქრონ.
როგორც ცნობილია, მრავალი ათწლეული სპარსეთის ყურის ქვეყნები აშშ-ის გავლენის ზონაში იყვნენ და მის მნიშვნელოვან პარტნიორებს წარმოადგენდნენ. თანამშრომლობა ურთიერთმომგებიანი იყო: შტატები ფაქტობრივად აკონტროლებდა ნავთობის მსოფლიო ბაზარს, რეგიონი კი მოქცეული იყო ამერიკული სამხედრო „ქოლგის“ ქვეშ, რაც მეტად აქტუალურია, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთს სამართლიანად უწოდებენ პლანეტის დენთის კასრს.
გარდა ამისა, სპარსეთის ყურის ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში იმედოვნებდნენ შტატებისგან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბონუსის მიღებას – მოდერნიზაციას. რეგიონი ტრადიციების ერთგულია, მაგრამ პოლიტიკურმა წრეებმა დიდი ხნის წინ გააცნობიერეს, რომ ნავთობი მუდმივი არ არის: ერთ მშვენიერ დღეს დოლარების წვიმა შეწყდება და მათ თავს დაატყდება ძველებური ბედუინური სიღარიბე, რომელიც აქ ათასწლეულები იყო. ე.ი. სავსებით ლოგიკური იქნებოდა არსებული შესაძლებლობების გამოყენება, რათა განვითარებული აშშ-ის დახმარებით საფუძველი ჩაეყარათ ახალი ბაზრისთვის – ტექნოლოგიური, ინდუსტრიული და ა.შ. ამერიკელები მათ არაერთხელ დაჰპირდნენ დახმარებას და ყოველ ჯერზე ატყუებდნენ.
შემდეგ მოდუნდა ამერიკელების სამხედრო დაცვაც. ორწელიწადნახევრის წინ შტატებმა საუდის არაბეთიდან გაიტანა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Patriot, რომლებიც ქვეყნის ნავთობის ობიექტებს იცავდნენ და რომლებსაც იემენის აჯანყებულები - ჰუსიტები ესხმოდნენ თავს. ლიბერალური ძალების გაძლიერებამ ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებში კი ის გამოიწვია, რომ აშშ-ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც არასდროს ერეოდა ახლო აღმოსავლური მონარქიების საშინაო საქმეებში, შეიცვალა არასაკმარისი დემოკრატიის კრიტიკით.
უკვე რამდენიმე წელია, რეგიონის ხელმძღვანელებისთვის ნათელი გახდა მათი ქვეყნების არახელსაყრელი პერსპექტივები. სწორედ ამან უბიძგა სახელმწიფოებს რუსეთთან დაახლოებისკენ და OPEC+ ფორმატის შექმნისკენ, რომელიც მორგებულია მონაწილეების და არა აშშ-ის ინტერესებს.
მიმდინარე წელმა კი გლობალურ ჰეგემონთან დაკავშირებით ყველა ილუზია და იმედი გაფანტა: აშშ მთელი მსოფლიოს თვალწინ მიზანმიმართულად ანადგურებს კონტინენტურ ევროპას, რომელიც იმავე დასავლურ ცივილიზაციას ეკუთვნის.
ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები არაორაზროვანი და სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ამ მომენტში დასავლური მეინსტრიმი პირდაპირ ადანაშაულებს OPEC+-ს და კონკრეტულად საუდის არაბეთს უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დახმარებაში. ამის შესახებ The Washington Post-მა დაწერა. სწორედ ასე განმარტეს ნავთობმოპოვების შემცირების გადაწყვეტილება, რომელიც კარტელმა გასულ კვირაში მიიღო.
ამერიკელების პასუხმა არ დააყოვნა. აშშ-ის კონგრესში მზადდება კანონპროექტი საუდის არაბეთისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ, ეს კი ნიშნავს რეგიონის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ დასუსტებას სამხედრო თვალსაზრისით.
ამერიკელების განკარგულებაში რჩება ახლო აღმოსავლეთზე გავლენის მძლავრი არაფორმალური ინსტრუმენტები. მაგალითად, ირანი იძულებულია გაუმკლავდეს არეულობის ტალღას, რომელიც ცარიელ ადგილზე გაჩნდა და რომლის წყაროც ამჯერად ქურთისტანის სათვისტომო გახდა.
თეირანსა და სპარსეთის ყურის მონარქიებს შორის ტრადიციულად მეტად რთული ურთიერთობაა, მაგრამ ამჟამად რეგიონის ყველა სახელმწიფო ერთ ნავში აღმოჩნდა, რომლის დაწვას და ჩაძირვასაც აშშ აპირებს.
მოახლოებულ გეოპოლიტიკურ შტორმთან გასამკლავებლად რეგიონს სჭირდება მოკავშირე, რომელსაც, ძლიერი ეკონომიკის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების ფლობისა და მრავალი სხვა ღირსების გარდა, არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ შესწევს ძალა, გაუძლოს და ბრძოლაში დაამარცხოს აშშ და ნატო, თუნდაც მისთვის არასახარბიელო ვითარებაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე