თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვაშინგტონში გაემგზავრა ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) და მსოფლიო ბანკი მართავენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სსფ-ის და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასთან.
გარდა ამისა, კობა გვენეტაძე ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ცენტრალური ბანკების მმართველების მაღალი რანგის შეხვედრაში მთავარი მომხსენებელი იქნება და მონაწილეობას მიიღებს Capacity Development-ის განხილვაში.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კობა გვენეტაძეს მორიგი ჯილდო ელოდება – ის ზედიზედ მეხუთედ დასახელდა მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათავო ოფისი ვაშინგტონში
© AP Photo / Jose Luis Magana
საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ წელს დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.