თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთს შეუძლია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებით“ გაზის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შავი ზღვის რეგიონში გადაიტანოს, თუ ამით რუსეთის პარტნიორები დაინტერესდებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფორუმზე „რუსეთის ენერგეტიკული კვირეული“.
„ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი „ჩრდილოეთის ნაკადებით“ ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შეგვიძლია შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ და ის ძირითად მარშრუტად ვაქციოთ ჩვენი საწვავის, ჩვენი ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებისთვის თურქეთის გავლით — შევქმნით რა თურქეთში ევროპის უდიდეს გაზის ჰაბს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ეს ეკონომიკურად მიზანშეწონილიც იქნებოდა და უსაფრთხოების დონეც — გაცილებით მაღალი.
26 სექტემბერს რუსული გაზსადენების ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-სა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე საგანგებო შემთხვევა მოხდა − გაირღვა გაზსადენების სამი ტოტი, რის შედეგადაც მილსადენებიდან დიდი რაოდენობით გაზმა გაჟონა. დანიისა და შვედეთის ხელისუფლებების განცხადებით, გაზსადენებზე დივერსია მოხდა. მოსკოვმა გაზსადენებზე მომხდარი „საერთაშორისო ტერორიზმად“ შეაფასა და გენერალურ პროკურატურას სწორედ ამ მუხლით დაავალა საქმის გამოძიება.