ფრთიანი ბავშვები და ხატვის მისტიკა, ანუ ქაღალდზე დარჩენილი ტკივილი

მხატვრობასთან ურთიერთობა თეატრიდან დაიწყო, ამიტომაც მხატვარ-სცენოგრაფის პროფესია აირჩია. თუმცა წლების მერე თეატრი არანაკლებ საინტერესო ადგილმა — სკოლამ ჩაანაცვლა.
Sputnik
მისი აზრით, თუ გინდა ბავშვების ყურადღება დაიმსახურო, კლასში თავისებური „სპექტაკლი“ უნდა გამართო. სკოლა ხომ ის ადგილია, სადაც ბავშვების სახით ყველაზე უჩვეულო „პუბლიკა“ გელოდება. გაიცანით მხატვარ-სცენოგრაფი და 81-ე საჯარო სკოლის სახვითი ხელოვნების პედაგოგი ციცი ოსიყმაშვილი.
ციცი ოსიყმაშვილი
– ციცი, სანამ სკოლაზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს, სცენის მხატვრული გაფორმებით როდის დაინტერესდით?
- როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. მაშინ გრაფიკას ბატონი ავთანდილ ჩაჩავა გვასწავლიდა. სწორედ ამ ადამიანმა შეგვაყვარა ეს საქმე — სცენის მხატვრული გაფორმება და მრავალფეროვნება.
ეს საქმიანობა სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს: ფერწერას, გრაფიკას, კომპოზიციების ხატვას, ქსოვილის მხატვრულ დამუშავებას, რომელთა მეშვეობითაც მსახიობებმა ესა თუ ის როლი უნდა მოირგონ. ეს ყველაფერი ნამდვილად შთამაგონებელი აღმოჩნდა იმ საქმისთვის, რასაც დღეს ვაკეთებ.
- პირველად რომელ სპექტაკლზე მოგიწიათ მუშაობა?
- ბედნიერ ვარ, რომ თავიდანვე მომიწია მუშაობა ისეთ გამოცდილ რეჟისორთან, როგორიც ბატონი გივი სარჩიმელიძე იყო. მის მიერ დაარსებულ სასწავლო თოჯინების თეატრში ახალგაზრდა, მაშინ დამწყებ მსახიობებთან ერთად ვიმუშავე თოჯინურ სპექტაკლზე „დონ კიხოტი”. ამ სპექტაკლის თოჯინებზე მსახიობები და მხატვრები ერთად ვმუშაობდით. სწორედ ასე უნდა იზრდებოდნენ პროფესიულად მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები და მუსიკოსები.
ციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება
- თეატრის მერე სკოლის „სცენაზე“ გადაინაცვლეთ...
- თავიდანვე გეტყვით, რომ ხატვის გაკვეთილი ბავშვებისთვის თამაშია, სადაც ისინი თავისუფალ აზროვნებას, ხელის გაწაფვას და ფანტაზიების გამოხატვას ცდილობენ. მასწავლებლის მოვალეობაა, როგორ სიგიჟედაც უნდა ეჩვენებოდეს, მათ იდეებს ფრთები შეასხას.
თბილისის 81-ე საჯარო სკოლაში 2012 წელს მივედი. გადავწყვიტე ბავშვებისთვის სამხატვრო ოსტატობა მესწავლებინა, ამიტომ მუშაობა ფერწერა-გრაფიკა-კომპოზიციაში დავიწყეთ. ამას სხვა პროექტებიც მოჰყვა და მხატვართა სკოლაც ასე ჩამოყალიბდა.
სწორედ ხატვის გაკვეთილებში ვიპოვე საკუთარი თავი. დღეს უკვე ვიცი, რომ სახელოსნო და ბავშვები ჩემთვის სამუშაო არ არის, ეს ჩემი სიყვარული და შემოქმედებითი საქმეა.
- და, მაინც, რა არის ხატვა ბავშვებისთვის?
- მე მწამს, რომ ბავშვებს ფრთები აქვთ და უნდა იფრინონ. ხატვა კი ერთგვარი საფრენი აპარატია. მისი წყალობით მოზარდები უფრო გაბედული და გახსნილები ხდებიან და ტექნიკურადაც იხვეწებიან.
სახელოსნოში ბავშვების მიმართ თავისუფალი მიდგომაა, ისინი აქ ცხოვრების ელემენტარულ წესს სწავლობენ. რაც მთავარია, იჯერებენ იმას, რომ თუ მოინდომებენ, შეუძლებელი არაფერია...
ციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება
- რით ხსნით იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად პორტრეტების ხატვა უყვართ?
- ალბათ იმიტომ, რომ ამ გზით ისინი საკუთარი თავის შესწავლას იწყებენ. ცდილობენ იდეალური პროპორციები ხატონ და როცა არ გამოსდით, ძალიან განიცდიან. თუმცა გაკვეთილიც იმისთვისაა, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ და გაიზარდონ, იმედგაცრუება კი მონდომებითა და ყურადღებით ჩაანაცვლონ.
პორტრეტების ხატვა მეც მიყვარს. ყველაზე მძაფრად დედაჩემის ის პორტრეტი მახსენდება, როცა გულის მანკით მძიმედ იყო ავად. ახლა კარგადაა და სიცოცხლე ისევ უხარია. ასე მგონია, ჩემს ქვეცნობიერს ძალიან უნდოდა, რომ დედის ავადმყოფობა მხოლოდ ქაღალდზე დარჩენილიყო. ისე ძალიან უნდოდა, რომ სინამდვილეშიც ასე მოხდა. ეს, რა თქმა უნდა, მისტიკაა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა...
ამიტომაც მიმაჩნია, რომ ხელოვანმა ის უნდა ხატოს, რასაც გრძნობს და განიცდის.
- რა არის თქვენთვის შემოქმედებითი თავისუფლება?
- შემოქმედებითი თავისუფლება ჩემთვის სუბიექტური ხედვა და სიახლეების ძიებაა. ხატვის დროს ის ვარ, ვინც ვარ, და ბავშვებსაც იგივეს ვასწავლი.
მათ უნდა შეძლონ და თამამად გამოხატონ საკუთარი თავი, ემოციები და მაშინ სასწაულიც მოხდება...
ესაუბრა ნინო მამულაშვილი