თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთი მზად არის, მიაწოდოს ენერგორესურსები ევროპას, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარშიც, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფორუმზე „რუსეთის ენერგეტიკული კვირეული“.
მისი თქმით, ამის გაკეთება შესაძლებელია „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გადარჩენილი ტოტით, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 27,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც ევროპაში მთელი იმპორტის დაახლოებით რვა პროცენტია.
„რუსეთი მზადაა ამ მიწოდების დასაწყებად. ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა. თუ უნდათ, ონკანი გააღონ და მორჩა. ჩვენ არავის არაფერში ვზღუდავთ. მზად ვართ მივაწოდოთ მათ დამატებითი მოცულობები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში“, — განაცხადა პუტინმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი ყოველთვის ასრულებს თავის ვალდებულებებს დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით და ამის მაგალითად ამერიკული გათხევადებული გაზის მიწოდებები მოიყვანა.
„სხვათა შორის, ახლახან ვნახეთ, რომ ამერიკული ტანკერები, რომლებსაც გათხევადებული გაზი გადაჰქონდათ ევროპაში, შუა გზაზე იცვლიდნენ მიმართულებას, რადგან გამყიდველებს სხვაგან უფრო მაღალი ფასი შესთავაზეს“, — აღნიშნა პუტინმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ იმოქმედებს საღი აზრის საწინააღმდეგოდ და არ მიაწვდის ენერგორესურსებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასებზე შეზღუდვებს დააწესებენ.
„მათ, ვინც ბიზნეს-პარტნიორობასა და საბაზრო მექანიზმებს თაღლითობასა და უსირცხვილო შანტაჟს ამჯობინებს — და ჩვენ ათწლეულებია ასეთ პარადიგმაში ვცხოვრობთ პოლიტიკურ სფეროში — მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არ ვიმოქმედებთ ჩვენს საზიანოდ. გაითვალისწინეთ ეს“, — თქვა მან.
ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ხელოვნური ზედა ზღვრის დაწესება აუცილებლად გააუარესებს საინვესტიციო კლიმატს მსოფლიო ენერგეტიკულ სექტორში, შემდეგ კი ენერგორესურსების გლობალური დეფიციტის ზრდასა და მათი ღირებულების შემდგომ ზრდას გამოიწვევს. და ეს, პუტინის აზრით, პირველ რიგში ყველაზე ღარიბ ქვეყნებს დააზარალებს.
ფორუმი „რუსეთის ენერგეტიკული კვირეული“ მოსკოვში 12-დან 14 ოქტომბრამდე ტარდება.