საქართველოში ტურისტული შემოსავლების სრული აღდგენა უკვე წელს არის მოსალოდნელი

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზამთარი და წლის დარჩენილი პერიოდი ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წელს დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი შეიძლება შეადგინოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის დონე სრაფად აღდგენას განაგრძობს. იანვარი–აგვისტოში ქვეყანამ 2.1 მილიარდი დოლარი მიიღო, აღადგინა რა 2019 წლის (COVID-19-ის პანდემიამდე) მაჩვენებლები 94,6%-ით. მხოლოდ აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ორჯერ და მეტად – 126,7%-ით აღდგა.

„ველოდებით, რომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ტურიზმის სექტორიდან, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზრდა და ტურიზმის სექტორის აღდგენა 2023 წელსაც. ვფიქრობ, ტენდენცია აბსოლუტურად დადებითია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, აღდგენის ტენდენცია შემდეგ თვეებშიც უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენი მოლოდინია, რომ შემოსავლები სექტემბერშიც გადააჭარბებს, მათ შორის, პანდემიამდელ 2019 წლის მონაცემებს. როგორც ვუყურებთ, საკმაოდ აქტიურად მიდის ტურიზმის არაპიკური სეზონი“, – აღნიშნა მან.
დავითაშვილმა დაამატა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა ზამთარი და წლის დარჩენილი პერიოდი ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს, ამის წინაპირობა არის ის ავიარეისები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება.
„ვხედავთ, რომ ავიაკომპანიების მხრიდან დაინტერესება არის. შესაბამისად, ისინი ფრენებს ინარჩუნებენ და ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ პანდემიამდელ მონაცემებს უნდა გავუტოლდეთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
პანდემიამდელ პერიოდში საქართველომ რეკორდი დაამყარა. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა.
2020 წელს შემოსავლები ტურიზმიდან ძალიან დაეცა – 427,7 მლნ დოლარი, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1,7 მლნ შეადგინა. 2021 წელს ტურიზმმა საქართველოს 1,2 მლრდ დოლარი მოუტანა. სულ 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
გარდა ამისა, 2019 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა ავიაციის სექტორში ავიამიმართულებების და ავიაკომპანიების რაოდენობა, ასევე ფრენების სიხშირე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით ახორციელებს.