რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველომდე წყალქვეშა ელექტროსადენის გაყვანა პრიორიტეტულია

1195 კმ სიგრძის 1000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთსა და საქართველოს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც ევროკავშირთან რეგიონის დამაკავშირებელი მწვანე ენერგეტიკული დერეფანი გახდება, პრიორიტეტს წარმოადგენს, განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.
ეს განცხადება რუმინეთის ლიდერმა ბუქარესტში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანის პროექტი საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. მოსალოდნელია, რომ ახალი წყალქვეშა კაბელი საქართველოს ელექტროენერგიის მზარდ საჭიროებებს დაფარავს.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ელექტროსადენის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი იქნება და რომელიც დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან“, – განაცხადა იოჰანისმა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1195 კმ სიგრძის 1000 მეგავატიანი კაბელი საქართველოს დააკავშირებს აღმოსავლეთ ბალკანეთთან, რაც სამხრეთ კავკასიასა და ევროპას საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის იმპორტი ენერგობაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ.
იოჰანისის თქმით, რუმინეთს სურს მხარი დაუჭიროს შავი ზღვის რეგიონის განვითარებას და ქვეყანა უკვე მუშაობს საქართველოსთან სტრატეგიული მასშტაბური პროექტების განვითარების მიმართულებით.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ფიზიკური კავშირები შავ ზღვაში და შავი ზღვის რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მან.

რუმინეთისთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე სხვადასხვა მიმართულების განვითარება – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი რუმინეთ-საქართველოს შორის, ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირი–საქართველოსა და ზოგადად ცენტრალურ აზიას შორის, აღნიშნა იოჰანისმა.
გარდა ამისა, იოჰანისის თქმით, რუმინეთი და საქართველო მუშაობენ სატრანსპორტო დერეფანზე სხვადასხვა პროდუქციისთვის შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის. ასევე საუბარია რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს.
მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხები ვაჭრობის ხელშესაწყობად და, ზოგადად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად.