ქართველი ფეხბურთელი მეტოქის სიცოცხლის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს

ლოჩოშვილმა დახმარება გაუწია მეტოქეს, როდესაც ავსტრიის „ვოლფსბერგერის“ შემადგენლობაში თამაშობდა.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik იტალიის კლუბ „კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ ცერემონიაზე გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ემოცია“ (Best emotion of the year), იუწყება იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი 1,6 მლნ დოლარი დაჯდა.

„ჩვენმა მცველმა ლოჩოშვილმა მიიღო ჯილდო „წლის საუკეთესო ემოცია“ შარშან ვენის „აუსტრიისა“ და „ვოლფსბერგერის“ მატჩის დროს მომხდარის გამო. როცა მან მოედანზე უგონოდ დავარდნილი მეტოქე დაინახა, მაშინვე დასახმარებლად მივარდა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა“, – ნათქვამია „კრემონეზეს“ ვებ-გვერდზე.

ეს ისტორია გასული წლის თებერვალში, „ვოლფსბერგერისა“ და „აუსტრიის“ შეხვედრის დროს მოხდა. „აუსტრიის“ ნახევარმცველ გეორგ ტაიგლს თავში მეტოქის მუხლი მოხვდა და მან დარტყმის შედეგად გონება დაკარგა, ხოლო შეჯახების შემდეგ ვითარებაში პირველი სწორედ „ვოლფსბერგერის“ ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი (ახლა ის „კრემონეზეში“ თამაშობს) გაერკვა, გათიშულ ტაიგლთან მივარდა და მისი ენა დაიჭირა, რადგან შოკურ მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთელს კრიჭა შეეკრა. საბედნიეროდ, ლუკას ჩარევის შედეგად გეორგ ტაიგლი გონს მალევე მოვიდა და მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა.
ლუკა ლოჩოშვილს ჯილდო ავსტრიული ფეხბურთის ყოველწლიურ საზეიმო ცერემონიაზე უნდა მიეღო, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და „კრემონეზეს“ ფეხბურთელი დაჯილდოებას ვერ დაესწრო, რადგან „ნაპოლისთან“ სერია A-ს მატჩისთვის ემზადებოდა.