მსოფლიო დღეს

პრეზიდენტი მთავრობას პოლიციის უფლებამოსილების გაზრდას სთხოვს

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მთავრობას პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება სთხოვა, რათა სამართალდამცველებმა ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე შეძლონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა საპროტესტო აქციების დროს.

„ვთხოვ მთავრობას, განიხილოს კანონმდებლობის დროებითი ცვლილება, რომელიც პოლიციას საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი მაშინაც კი, თუ ადგილობრივი ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი საბოტაჟს მოუწყობს მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, − აღნიშნა სანდუმ ბრიფინგზე.

ამასთან მან მადლობა გადაუხადა პოლიციას იმისათვის, რომ მათ წესრიგის შენარჩუნება მოახერხეს „ქურდების მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული“ პროტესტების დროს.
მოლდოვაში 18 სექტემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამასთან პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც ხელისუფლებას გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის გამო კომპენსაცია, ასევე ფინანსური დახმარების გამოყოფა მოსთხოვეს მოსახლეობის დაუცველი ფენებისთვის. თავიანთი განზრახვების სერიოზულობის საჩვენებლად აქციის მონაწილეებმა მოლდოვის დედაქალაქის ცენტრალურ ბულვარზე კარვები გაშალეს, რაც საავტომობილო მოძრაობას ბლოკავდა. პოლიციამ მერიას კარვების აღების თხოვნით მიმართა და ორშაბათს, დილით „კარვების ბანაკი“ დაშალა.