თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს იოსებ (სოსო) გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა – ის სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებშია მხილებული, ნათქვამია ქვეყნის პროკურატურის განცხადებაში.
გოგაშვილი 16 ივლისიდან საპატიმროში იმყოფება. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება, შენახვა, გავრცელება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
რაც შეეხება ახალ ბრალდებას, პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილმა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პირადი საჭიროებებისთვის და სამსახურიდან უკანონოდ გამოიტანა მასალები სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციით, აგრეთვე პერსონალური მონაცემები. ის ამ ინფორმაციებს სახლში ინახავდა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითაც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში.
საუბარია იმ დანაშაულებზე, რომლებიც გოგაშვილმა 2015-2018 წლებში ჩაიდინა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.