მოსაზრება: დაიწყო უკრაინის დემონტაჟის ახალი სტადია

Sputnik
პიოტრ აკოპოვი
ყირიმის ხიდის აფეთქების ეფექტი მიღწეულია – ვლადიმირ პუტინმა კიევის ხელისუფლება ტერორისტებს გაუთანაბრა. რუსეთი ტაქტიკას ცვლის? ჯერ არა.
უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე – ენერგეტიკაზე, კავშირგაბმულობასა და სამხედრო მართვაზე მასირებული დარტყმები გაფრთხილებაა და რუსეთის შესაძლებლობების დემონსტრირებას ემსახურება, მაგრამ არ ნიშნავს დეელექტრიფიკაციისა და ხიდებისა და კომუნიკაციების განადგურების ტაქტიკაზე გადასვლას. ესაა ერთჯერადი აქცია, რომელიც ყირიმის ხიდზე შეტევის პასუხია.
უკრაინის ენერგეტიკის, სარკინიგზო კავშირის, ხიდების გასანადგურებლად საჭიროა არა ერთჯერადი დარტყმები, არამედ რამდენიმეკვირიანი ყოველდღიური შეტევები. აქამდე საქმე ჯერ არ მისულა. პუტინი გაფრთხილებით შემოიფარგლა:
„ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების მცდელობების გაგრძელების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონის შესატყვისი. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ თუ კიევი შეწყვეტს დივერსიულ შეტევებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, რუსეთი თავს დაანებებს უკრაინულ ობიექტებს? მართალია, ალბათობა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება შეწყვეტს ტერაქტების მომზადებას, მეტად მცირეა, მაგრამ, მაინც, ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის ნათქვამი იმას, რომ ყველაფერი კიევის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული? არა. როგორც უნდა ზრუნავდეს რუსეთი უკრაინაში მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენაზე, საკუთარ ტაქტიკას მხოლოდ თავად გადაწყვეტს.
თუ საბოლოო გამარჯვებისთვის საჭირო იქნება მწყობრიდან ენერგეტიკული ქსელის გამოყვანა და ხიდების დანგრევა, რუსეთს ამის გაკეთება მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო მოსახლეობას დააზარალებს. ბევრს უკვირს: რატომ არ კეთდება ეს თავიდანვე?
იმიტომ რომ უბრალოდ გამარჯვება კი არ გვინდა, გვჭირდება უკრაინის დაბრუნება მისთვის ჩვეულ, რუსული სამყაროს ნაწილის მდგომარეობაში. ეს კონფლიქტი მართლაც უცნაურია, იმიტომ რომ ერთი ხალხის ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს, ანუ სამოქალაქო ომიცაა. მაგრამ ჩვენი მხრიდან არ არსებობს უკრაინის მცხოვრებთა დასჯის არავითარი სურვილი, ჩვენ გვინდა ისინი ანტინაციონალურ ხელისუფლებას, დასავლეთს გამოვგლიჯოთ ხელიდან.
მართალია, უკრაინის ბევრი მოქალაქე ამ ხელისუფლებას თავისად მიიჩნევს, დასავლეთს კი მოკავშირედ და სიკეთედ, მაგრამ ეს გაუგებრობა მხოლოდ უკრაინის დამარცხების შემდეგ გაიფანტება. კიევის ხელისუფლების სწრაფად გატეხა, ჯარის დემორალიზება არ გამოვიდა. დასავლეთი სიხარულით იყენებს ძმათამკვლელი ომის გაღვივების შესაძლებლობას – ანგლოსაქსების ინტერესებში.
მაგრამ რაც უფრო დიდხანს გასტანს საბრძოლო მოქმედებები, მით მეტი იქნება არა მხოლოდ ჩვენი დანაკარგი, მით უფრო გართულდება ვითარება უკრაინაში. ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გარეშეც უზარმაზარი დანაკარგი და ტოტალური მობილიზაცია უკრაინას სამუშაო ძალის გარეშე დატოვებს და ეკონომიკას დაანგრევს. გაჭიანურებული ომი უკრაინას გამარჯვებას არ მოუტანს. არც რუსეთისთვისაა ხელსაყრელი გრძელვადიანი საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ რუსეთი გაიმარჯვებს, უკრაინა კი მხოლოდ დასავლეთის დახმარების იმედად შეიძლება იყოს.
მაგრამ დასავლეთი ამაზე არასდროს არ წავა, მისთვის რუსეთთან ომი უკრაინელების ხელით ხელსაყრელია, მაგრამ სრულებით არ სჭირდება ბირთვული კონფლიქტი. ნუთუ კიევში ეს არ ესმით? არ ესმით, არ უნდათ აღიარონ, რადგან მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ განწირული არიან.
კიევში შესანიშნავად ესმოდათ, რა რეაქციას გამოიწვევდა მოსკოვში, რა საპასუხო ქმედებები მოყვებოდა ყირიმის ხიდის აფეთქებას. და სწორედ ამის იმედი ჰქონდათ. რათა გავლენა მოეხდინათ დასავლეთის საზოგადოებრივ აზრზე „საზარელი რუსული დარტყმების შედეგებით“ და შემდეგი ნაბიჯით იძულებული გაეხადათ დასავლეთი, კიდევ უფრო აეწია ფსონი – მოეწოდებინა იარაღის დამატებითი პარტიები, ჩაეკეტა ნატოს ძალებით უკრაინის ცა.
რუსეთი საქმეს ბოლომდე მიიყვანს – ინფრასტრუქტურაზე შეტევით ან ამის გარეშე. დღევანდელი უკრაინა შეუთავსებელია რუსეთთან – ისტორიულადაც და მომავალშიც, რადგან ჩვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
პუტინის მოადგილემ უშიშროების საბჭოს საკითხებში დმიტრი მედვედევმა ეს მკაფიოდ ჩამოაყალიბა: „უკრაინის სახელმწიფო დღევანდელი კონფიგურაციით ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით რუსეთისთვის მუდმივი, პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება. ამიტომ ჩვენი ხალხის დაცვისა და ქვეყნის საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომავალი მოქმედების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი“.
ნაწილობრივ ეს იგულისხმებოდა პუტინის მიერ თავდაპირველად დასახულ მიზნებში – დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია შეუძლებელია პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლის გარეშე. მეტიც, მხოლოდ ასე შეიძლება ისტორიული მიზნის მიღწევა – უკრაინის დაბრუნება რუსული სამყაროს შემადგენლობაში.
ახლა ეს პროცესი რუსეთთან რამდენიმე ოლქის მიერთებით დაიწყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ რთული საქმისა, რომელიც მომავალშია გასაკეთებელი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე