თსუ-ის სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციებს აანონსებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 7 ოქტომბერს მიიღო.
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 12 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს, აცხადებენ „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
მათი თქმით, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია და პროფესორების ნაცვლად მას მმართველი პარტია ნიშნავს.

„ვიკრიბებით ოთხშაბათს, 14:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, რათა გავაჟღეროთ სამართლიანი მოთხოვნები! მას შემდეგ, რაც გიორგი შარვაშიძემ პოსტი დატოვა, უნივერსიტეტში და, რაც მთავარია, მთავრობაში უკვე იციან, თუ ვინ იქნება ახალი რექტორი“, – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

სტუდენტების ნაწილის მტკიცებით, ახალი რექტორის პორტფელს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ჩაიბარებს, რომელსაც ახლობლები უკვე ულოცავენ თანამდებობაზე დანიშვნას.
შარვაშიძემ პოსტი 7 ოქტომბერს დატოვა. მან აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე უკვე მიმართა.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აქვეყნებს. შარვაშიძემ კი რექტორის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა. შესაბამისად, აკადემიურ საბჭოს ახალი რექტორის არჩევა არ შეეძლო.
სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რექტორის დანიშვნამდე უნდა დაინიშნოს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

„ჩვენ, „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ მოვითხოვთ რექტორის არჩევის წესის ცვლილებას. დადგენილი წესის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით ირჩევს“, – აღნიშნავენ სტუდენტურ მოძრაობაში.

მათი თქმით, უნივერსიტეტის სათავეში უნდა იდგნენ დემოკრატიული გზით არჩეული მეცნიერები, რომლებიც იზრუნებენ მეცნიერების განვითარებაზე, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.
სტუდენტური მოძრაობა კიდევ ერთხელ იმეორებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათ ბოლო ექვს თვეში არაერთხელ წამოაყენეს. კერძოდ, ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ ღირსეული სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენებას, საბინაო სუბსიდიას, რათა საერთო საცხოვრებლის აშენებამდე მათ შეძლონ ფინანსური დახმარების მიღება და ბინის ქირის გადახდა.
სტუდენტების ნაწილი ასევე მოითხოვს აკადემიური საბჭოს დაშლას და რექტორის არჩევის წესის შეცვლას. მათი აზრით, რექტორის არჩევის პროცესში უნდა მონაწილეობდეს არა აკადემიური საბჭოს წევრი 38 ადამიანი, არამედ თსუ-ის ყველა პროფესორი.
პროტესტი თსუ-ში
ივნისის დასაწყისში უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. 10 ივნისს სტუდენტების ჯგუფი სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის კაბინეტში შეიჭრა, ერთი მხრივ, მასთან შეხვედრის და, მეორე მხრივ, მისი გადადგომის მოთხოვნით. ისინი ტერიტორიის დატოვებას იმ დრომდე არ გეგმავდნენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა.
საპროტესტო აქციებს რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებიც შეუერთდნენ და დისტანციურად სწავლისა და გამოცდების ჩაბარების უფლება მოითხოვეს, რადგან მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა იქირაონ თბილისში ბინები, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა.
იმ პერიოდში უმაღლესმა სასწავლებელმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში - ქუთაისსა და ახალციხეში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს>>>
საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებს, ვისთვისაც დედაქალაქში გაჩერება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებლობა მიეცათ ფინალური გამოცდების პერიოდში ერთი თვის ვადით საერთო საცხოვრებელში უფასოდ ეცხოვრათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა. თავიდან ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ-რეჟიმში მუშაობდა, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესებასთან ერთად ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს