თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაიხსნა „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიხსნა. კლუბი გათვლილია ადამიანებზე, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
კლუბის გახსნას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.
ანდრია ბასილაიამ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორ ნინია მაჭარაშვილთან და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლელა ბაქრაძესთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც „60+ კლუბის“ პროექტის მხარდაჭერასა და გაფართოებას ითვალისწინებს.
„გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს საპილოტო რეჟიმში ახალი მუნიციპალური სერვისი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ 60+ მოსახლეობისთვის ქალაქს გარკვეული შეთავაზებები ჰქონდეს. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ამ ასაკის მოქალაქეებისთვის ორ სპორტულ ცენტრში სერვისების შეთავაზება დავიწყეთ“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
პროექტში ბიბლიოთეკების გაერთიანება ჩაერთო და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადგომით პირველი კლუბიც შეიქმნა. ბასილაიამ ყველა იმ მიმართულების განვითარების მზადყოფნა გამოთქვა, რომელიც 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, მომდევნო კლუბის გახსნა დიდი დიღმის მულტიფუნქციურ სივრცეში იგეგმება. თბილისის მერია მზად არის დედაქალაქის სხვა უბნებიც მოიცვას.
„60+ კლუბი“ მსურველებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ადგილზე შეუძლიათ.
კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები და გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა – ვარჯიში, ხატვა და მუსიკა. კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას – ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებსაც მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს.
მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული.
მანამდე მერიამ უკვე დაამტკიცა პროგრამა, რომლის თანახმადაც 60 წელს ზემოთ პირებს საშუალება აქვთ ფიტნეს-დარბაზებითა და აუზებით უფასოდ ისარგებლონ. აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.