მთავრობა „საქართველოს რკინიგზის“ გამტარუნარიანობის გაზრდას აპირებს

საქართველოს რკინიგზა სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზას“ სატვირთო და ოპერაციული შემოსავლებით რეკორდული მაჩვენებლები აქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალმა სატვირთო გადაზიდვების შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში 191 მილიონ ლარს გადააჭარბა. გადაზიდულმა ტვირთმა 6,8 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 13,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში დაბრუნდა არა მხოლოდ დაკარგული ტვირთები, არამედ მოხდა ახლის მოზიდვა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში „საქართველოს რკინიგზას“ აქვს რეკორდული მაჩვენებლები – 2018 წელს კომპანიამ სატვირთო გადაზიდვებში დაღმასვლის ტენდენცია შეაჩერა, ხოლო 2021 წლის ბოლოს გავიდა მოგებაზე (ტვირთბრუნვა 12 მლნ ტონამდე გაიზარდა).
2016 წელს აქტივების გაუფასურების და დევალვაციის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2021 წელს კი, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ მოახერხა ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წლის 52,7 მილიონი ლარის მოგებით დასრულება.
კომპანიის ინფორმაციით, რკინიგზის საოპერაციო შემოსავალი 2021 წელს 12%-ით გაიზარდა და 547 მლნ ლარს მიაღწია.

სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი

დავითაშვილის თქმით, დღეს საქართველოს რკინიგზა ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა მიზანსაც საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა წარმოადგენს.
მინისტრის თქმით, რეგიონში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, მათ შორის, რკინიგზაც გამოწვევების წინაშე დადგა. დერეფანში საგრძნობლად მოიმატა ტრანზიტმა და ეს დინამიკა მზარდია.

„დარწმუნებული ვართ, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობა მთავრობასთან კოორდინირებით შეძლებს ეს გამოწვევები არა მხოლოდ დაძლიოს, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდოს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის როლი რეგიონული გადაზიდვების კონტექსტში“, – აღნიშნა მან.

„საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარეობს მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება გამტარუნარიანობა, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო, ასევე საოპერაციო ხარჯები და გაუმჯობესდება მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების დონე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „საქართველოს რკინიგზა“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა. კომპანიაში 12 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიისა და მის შედეგად გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობამ შეძლო ყველა კადრის შენარჩუნება.
მნიშვნელოვანი მოვლენაა ასევე რეფინანსირება, რომლის შედეგად „საქართველოს რკინიგზამ“ პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა მწვანე ობლიგაციები. საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 7,75%-ის ნაცვლად 4%-ით განისაზღვრა. ეს კი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი, მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. წარმატებული ტრანზაქციის შედეგად კომპანია 100 მლნ დოლარზე მეტს დაზოგავს.

დიდი დღესასწაული

დღეს საქართველოს რკინიგზა 150 წლის იუბილეს აღნიშნავს: მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ოქტომბერი ოფიციალურად არის გამოცხადებული რკინიგზელების დღედ.
1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო-სამგზავრო მატარებელი დაიძრა.

„150 წლის წინ თბილისისა და ფოთის, ქვეყნის შავიზღვისპირა ნავსადგურის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობით და ექსპლუატაციაში გაშვებით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფორმირების გზაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე.
საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.