თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. უხვი ნალექის შედეგად ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური საავტომობილო გზა ჩაიხერგა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე აღმოჩნდნენ. ამის გამო ცენტრალური გზა ჩაიკეტა და ამ დროისათვის ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია.
„სტიქია მძვინვარებს! მეწყერმა ჩაკეტა ქალაქის შესასვლელი! უმძიმესი მდგომარეობაა სოფლებში! შტაბი მუშაობს ოპერატიულად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მივალთ! მობილიზებულია ტექნიკა“, – დაწერა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ სოციალურ ქსელში.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.