თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. კვიპროსის ნაკრებს „ევრო 2024“-ის ფინალურ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება, განუცხადა ჟურნალისტებს კვიპროსელთა ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „ევრო 2024“-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ.
„ევრო 2024“-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრის შედეგად 53 ნაკრები ათ ჯგუფად დაყვეს. თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები А ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდა, რომელსაც ის 2009-2014 წლებში ავარჯიშებდა. А ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი.
„ძლიერი გუნდები შეგვხვდა, მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდით. რომელ ჯგუფშიც არ უნდა ვიყოთ, ეს იქნება გამოწვევა. ჩვენ საქართველოსთან მოვხვდით, მაგრამ საშიში არაფერია. ახლა თამაშებს დაველოდებით“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
„ევრო 2024“ გერმანიის ათ ქალაქში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. გახსნის მატჩს უმასპინძლებს „არენა მიუნხენი“, ხოლო ფინალი ბერლინში გაიმართება.