„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ბიუროს წარედგინება

ხელისუფლება და ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვერ თანხმდებიან.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. მანამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი თქვა ევროკავშირის პირობებზე ხელისუფლების გეგმით მუშაობაზე და ალტერნატიული პროცესი წამოიწყო.
როგორც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, მათ მიერ მომზადებული ცვლილებები უკრაინულ მოდელს ეფუძნება.
კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ პირის ოლიგარქად აღიარება მოხდება, თუ ის ოთხი კრიტერიუმიდან სამს დააკმაყოფილებს. ეს კრიტერიუმებია:
პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა;
იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარად ყოფნა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი კონსენსუსის გარეშე მიღებული არ იქნება - კობახიძე>>>
ცვლილებების მიხედვით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, რეესტრთან დაკავშირებულ წესებს კი, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად აღიარებულ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება.
კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება:
1.
პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
2.
ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
3.
ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება „ოლიგარქის“ განმარტებაა.
ოპოზიციის შეთავაზებაა, ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე“, სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგ საკითხებთან მიმართებით ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვაში მის ჩართულობას.
უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული მოდელის მიღების შემთხვევაში ის შეეხება არა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მათ შორის არიან პარტია „ლელოს" ლიდერები, ყოფილი ბანკირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულას" მფლობელი დავით კეზერაშვილი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.