თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული, ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ'ანჯელომ ამ დღეებში განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს კრუნჩხვა ჰქონდა, როცა მის ოთახში პროკურორები შევიდნენ. სააკაშვილს არტერიული წნევა და ტემპერატურა პერიოდულად ემატება, ჭამა არ შეუძლია. თავის მხრივ, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა ბოლო დღეებში არ შეცვლილა.
„მე ვიცი, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე მართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო არ გადასცემს საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინას და პოლიტიკურ თამაშებში არ ჩაერთვება.
სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ დაავალა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაცემის თაობაზე, რათა ის სასამართლოს წინაშე წარდგეს 2018 წლის საქმეზე, რომელშიც საქართველოს ექს-პრეზიდენტი დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს.
სააკაშვილის საქმე
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.