თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2022 წლის 30 სექტემბრისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4.313,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
მანამდე ეროვნული ბანკის რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4.272,1 მლნ დოლარს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია.
სექტემბერში რეზერვები 52,4 მლნ დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ზრდა ვალუტების კურსების რყევის გამო აქტივების გადაფასებას და ბიუჯეტის წესის შესაბამისად უცხოური ვალუტის შეძენას უკავშირდება.
წლის დასაწყისიდან რეზერვები 40,6 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,7 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,2 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 442,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 27,9 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 16,6 მლნ დოლარს შეადგენს.
წყარო - ეროვნული ბანკი