ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე: რუსეთის საგარეო უწყებაში ბრალდებებზე უპასუხეს

რუსეთის დოქტრინალური მითითებები ბირთვული შეკავების სფეროში წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. დასავლეთის ქვეყნების განცხადებები რუსეთის მხრიდან თითქოსდა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ არის გააფთრებული ანტირუსული კამპანია და პროპაგანდა, განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კონსტანტინ ვორონცოვმა.
მისი თქმით, რუსეთის დოქტრინაში მითითებები ბირთვული შეკავების სფეროში ძალიან მკაფიოდ არის ასახული, არ იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა.
„დასავლეთის ქვეყნების ბრალდებებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა გააფთრებული ანტირუსული კამპანიის ნაწილი“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ ვორონცოვის სიტყვებს.
თუმცა, მისი თქმით, მოსკოვის სიგნალები დასავლეთში „განზრახ დამახინჯებულია პროპაგანდისტული მიზნებისთვის".
„ამგვარად, ანტირუსული ისტერიის გასაღვივებლად, დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, დროებით გადაეყვანა შეკავების ძალები მორიგეობის საგანგებო რეჟიმზე, თუმცა რეალურად საუბარი იყო მხოლოდ სამეთაურო პუნქტებში მორიგე ცვლების შემადგენლობის გაფართოებაზე“, - განმარტა ვორონცოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული შეკავების ძალების დაჯგუფებისა და საშუალებების გასაძლიერებლად არანაირი ზომები არ არის მიღებული.