თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ კანონში ცვლილებებს უახლოეს მომავალში განიხილავს, რის შემდეგაც დოკუმენტი პარლამენტს წარედგინება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, დაფუძნებული 2011 წელს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.
„ჩვენი მხრიდან „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარდგენილია მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, მთავრობა უახლოეს ხანებში მიიღებს გადაწყვეტილებას და კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება. ჩვენ გვინდა, რომ მმართველობითი სტანდარტი უფრო გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ცვლილებების მიზანია ფონდზე პოლიტიკური გავლენების შემცირება და ხელისუფლების ნაკლები ჩართულობა. ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული საინვესტიციო საჭიროებებზე, ვიდრე პოლიტიკურზე.
„მთავრობის წევრები არ იქნებიან უშუალოდ საბჭოში წარმოდგენილი. ეს იქნება უფრო მეტად საინვესტიციო პრიორიტეტებზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ვფიქრობთ, რომ ეს გააუმჯობესებს საპარტნიორო ფონდის მმართველობას და ეფექტიანობას“, – განაცხადა მან.
„საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო. სახელმწიფო გავა „საპატრნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდება დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს იმისათვის, რათა განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეისათვის ინვესტიციებს ნაკლებად იზიდავს, ან საერთოდ არ ფინანსდება.
როგორც ფონდში ადრე განაცხადეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს.
„საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
დღეისათვის ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
ფონდი ფუნქციონირებს ოთხ სექტორში – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების. ფონდის ფინანსური მონაწილეობა შემოიფარგლება პროექტის მთლიანი კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ იფარება.
დღეისათვის „საპარტნიორო ფონდი“ მართავს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.