თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერია ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად 500 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ქუჩის მხატვრებს, ე.წ. სტრიტ-არტისტებს და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა.
კალაძის თქმით, საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობა-ნაგებობების იერსახე ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს, ხოლო ქუჩის მხატვრობა მათ ვიზუალური თვალსაზრისით ალამაზებს.
„ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. მე, როგორც ქალაქის მერს, ძალიან მსიამოვნებს ყველა ის პროექტი, რომელიც უკვე განხორციელდა. გვაქვს მზადყოფნა, რომ ამ მიმართულების დაფინანსება გავზარდოთ, პროცესში კიდევ უფრო მეტი არტისტი ჩავრთოთ, რათა პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს", – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, გარკვეულ უბნებში იერსახის თვალსაზრისით პრობლემებია და იქ ქუჩის მხატვრების ნამუშევრები მართლაც შთამბეჭდავია.
„ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის გექნებათ, რათა ქალაქში კიდევ უფრო მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდეს", – განაცხადა კახა კალაძემ.
არტისტებმა დედაქალაქის მერს საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები წარუდგინეს.
„ვისაუბრეთ ქუჩის ხელოვნებაში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. თბილისის მერია და მერი ამ პროექტებს გვერდით უდგას, იზრდება დაფინანსება, რისთვისაც მადლობელი ვართ. ასევე ლამაზდება ქალაქი, ვითვისებთ მეტ უბანს, რაც ამ მიმართულებისთვის ძალიან კარგია", – განაცხადა „თბილისი მურალ ფესტის" დამფუძნებელმა, მხატვარმა ბესიკ მაზიაშვილმა.
ქალაქში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ უკვე 100-მდე კედელი მოიხატა.