მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცეს - რა მოხდა გორში

Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის პირები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს.

უწყების ცნობით, მათი გულგრილობით ისარგებლა ბუღალტერმა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 370.479 ლარი.

სისხლის სამართლის საქმე „სამსახურებრივი გულგრილობის“ მუხლით აღიძრა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
სუსის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულისთვის ბუღალტერი უკვე დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს