თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობამ ელექტრონულ აუქციონებზე 207,6 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ობიექტები გაყიდა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
„მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც რამდენჯერმე აღემატება ყველა წინა წლის საპრივატიზაციო მონაცემებს“, – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, 2022 წლის 9 თვეში პრივატიზებულია 1,6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, მათ შორის, მოქმედი იჯარების პირდაპირი წესით გამოსყიდვის სახით, რომლის საპრივატიზაციო თანხამ 12,7 მლნ ლარი შეადგინა.
„პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში გაიყიდა 153,3 მლნ ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის 8,7 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ჩვენ სხვადასხვა უძრავი ქონების და საწარმოების პრივატიზება შევძელით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესწავლილ იქნა 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის და საკურორტო ადგილის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ისეთი ადგილები, რომელთაც საკმაოდ დიდი მიმზიდველობა აქვთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
„შესწავლილი ადგილების საფუძველზე კურორტის და საკურორტო ზონისთვის მომზადდა გეოინფორმაციული რუკები, რეესტრი და შემუშავდა საინვესტიციო შეთავაზებები. უახლოეს ხანებში მომზადებული ინფორმაცია მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, რათა სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად მოახდინოს ასეთი სახელმწიფო ქონების პრივატიზება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ინტენსიური პროცესი ხელს უწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ობიექტების, გაჩერებული საწარმოების, დაუმუშავებელი მიწების პრივატიზაცია რამდენიმე წელში ისე უნდა დასრულდეს, რომ ისინი სწრაფად მოხვდნენ კერძო ინვესტორის ხელში და გადაიქცნენ მოქმედ ბიზნეს-ობიექტებად და მოსახლეობის დასაქმების წყაროდ.