BAG-ის კვლევა: საქართველოში ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა, ორგანიზაცია 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების უმეტესობა 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, ინვესტიციების ზრდას ელოდება, ნათქვამია ასოციაციის კვლევაში.
საინვესტიციო კვლევა, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება, ბიზნეს-ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩატარებულმა კვლევამ შეაჯამა კომპანიების მიერ 2021 წელს განხორციელებული ინვესტიციები და ისაუბრა მათ 2022 წლის გეგმებზე.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

„საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ მესამე კვარტალში გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ 2022 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები, 2021 წელთან შედარებით გაიზრდება, 32% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა მხოლოდ 5% პროგნოზირებს“, – ნათქვამია კვლევაში.

როგორც BAG აღნიშნავს, 2022 წლის მესამე კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის საინვესტივიო მოლოდინი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არსებულ საინვესტიციო მოლოდინთან შედარებით გაუმჯობესებულია.
სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო გეგმა ვაჭრობის სექტორს აქვს – გამოკითხული კომპანიების 76% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მომსახურების სექტორში ანალოგიური მოლოდინი აქვს კომპანიების 52%-ს, მრეწველობაში – 57%-ს, ხოლო მშენებლობის სექტორში – 73%-ს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 95% გეგმავს.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა და ის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას აერთიანებს, მათ შორის – ბანკებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებსა და სუპერმარკეტების მსხვილ ქსელებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს