უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - დაკავებულია 17 პირი

პროდუქციის ღირებულება 300 ათას ლარს აჭარბებს. დაკავებულებს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში 60 ათასზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 35 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 40 პირი, რომელთაგანაც 17 დაკავებულია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 60.715 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. კონტრაბანდული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს