თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც ხუდადოვის ტყის აღდგენის საკუთარი კონცეფცია წარმოადგინეს, იუწყება დედაქალაქის მერია.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, აღნიშნული ფაკულტეტის დეკანი ნინო იმნაძე და თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი მერაბ ბოლქვაძე. კახა კალაძემ მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და სტუდენტებთან ერთად ხუდადოვის ტყე-პარკის განახლების პროექტი განახორციელოს.
შეხვედრაზე განიხილეს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამწვანების სამუშაოებზე, მწვანე სივრცეებზე, ქალაქის ლანდშაფტური არეალის დაცვაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რას ეხება საქმე – ეს არის ახალგაზრდების ინიციატივა, რომელიც ხუდადოვის ტყის განახლებას, რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას გულისხმობს. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, კონკრეტული პროექტი წარმოადგინონ, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ტერიტორიის განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდობა ასეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ერთვება.
„ჩვენ ერთად უნდა დავისახოთ კონკრეტული გეგმები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. დედაქალაქის მერია გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას“, – მიმართა კალაძემ ახალგაზრდებს.
თავის მხრივ, პროფესორმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა ხუდადოვის ტყის ტერიტორია გულდასმით შეისწავლეს და მისი გადარჩენისა და გაჯანსაღების კონცეფცია შეიმუშავეს.
„მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ტერიტორიას სასწრაფოდ სჭირდება შველა, რათა ქალაქმა მსგავსი რეკრეაციული სივრცე არ დაკარგოს. ამიტომ კვლევას და ტერიტორიის ანალიზს პროექტის სახე მისცეს და განსახილველად წარმოადგინეს. ძალიან კარგია, რომ თავად მერი და მერიის შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ ამ მნიშვნელოვანი გარემოებით“, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
ნინო იმნაძის განმარტებით, სტუდენტების მთავარი ამოცანა იყო, რომ შექმნილიყო გამართული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნებოდა მიმზიდველი.
„ასევე საინტერესო იყო ლანდშაფტურ-არქიტექტურული კუთხით მუშაობა. რეალურად, თუ ეს პროექტი განხორციელდება, თბილისი მიიღებს საინტერესო ლანდშაფტურ-არქიტექტურულ ნიმუშს, რომელიც მხოლოდ გამწვანებული სივრცის მოწყობას არ გულისხმობს. ეს იქნება არქიტექტურით ფორმირებული ლანდშაფტი, რაც ძალიან აქტუალურია, მით უმეტეს, ჩვენი უნიკალური ქალაქისთვის“, – აღნიშნა ნინო იმნაძემ.
ხუდადოვის ტყეს ეს სახელი მიენიჭა ცნობილი ექიმის ნიკოლოზ ხუდადოვის პატივსაცემად, რომელმაც 1893 წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის მასივი გააშენა. 1990-იან წლებში ტყე საგრძნობლად დაზიანდა იქ დასაწყობებული საშენი მასალებისა და სხვა ნარჩენების გამო.