სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიში წარმოადგინა

სამსახურის მონაცემებით, 16 საჯარო მოხელის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 6 თვეში გამოძიება 246 საქმეზე დაიწყო, ამხილა 34 პირი, რომელთა მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, მათგან 16 საჯარო მოხელეა, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც უწყების უფროსმა კოკა კაციტაძემ წარმოადგინა.
კოკა კაციტაძემ ასევე ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 6 თვის განმავლობაში, გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 6 პირის მიმართ დაიწყო.
კაციტაძემ ახალი სამსახურის მთავარი მიღწევები და მის წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო დეპუტატებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის არსებობა არის ასევე (ევროკავშირთან) ასოცირების შეთანხმების ნაწილიც და სწორედ ამითაც იყო განპირობებული ზოგადად ამ მიმართულების დამოუკიდებლად გამოყოფა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაძლიერებაა.

„ამ მიმართულებით პარლამენტში მიდის მუშაობა და არის იდეები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ინსტიტუციური გაძლიერება ამ სამსახურის, ისევე, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩატარებული რეფორმა ერთი მხრივ საჭირო იყო, ხოლო მეორე მხრივ ის წარმატებულია.
საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად 2022 წლის მარტში შეიქმნა. პარლამენტმა გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო, რამაც ოპოზიციის, ომბუდსმენის, სახელმწიფო ინსპექტორისა და პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ამ უკანასკნელმა ცვლილებების შესახებ კანონს ხელი მაინც მოაწერა.
სამსახური იძიებს სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
თავის დროზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის ინიციატივა ინტერესთა კონფლიქტით ახსნეს, როდესაც ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დაცვაზე და საგამოძიებო ორგანოებიდან ამ მონაცემების გაჟონვაზე, თვითონვე არის ასეთი საგამოძიებო ორგანო.
სწორედ ამიტომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაიყო ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სტრუქტურად – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურად და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურად.