როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: კლინიკის დირექტორის განცხადება

ნევროლოგი აცხადებს, რომ სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსები და პარამეტრები იწურება.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს ისეთივეა, როგორიც იყო ბოლო დღეებში, განუცხადა ჟურნალისტებს „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ'ანჯელომ გუშინ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს კრუნჩხვა ჰქონდა, როცა მის ოთახში პროკურორები შევიდნენ. სააკაშვილს არტერიული წნევა და ტემპერატურა პერიოდულად ემატება, ჭამა არ შეუძლია. ნევროლოგი ოთარ თოიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსები და პარამეტრები იწურება.

„მე არ ვიცი, ვის რა ინფორმაცია აქვს, განსაკუთრებით დამძიმება რას ნიშნავს? არ არის არაფერი განსაკუთრებული, ადამიანის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ არის ისეთი, როგორიც იყო წინა დღეებში – მომატებული სტრესული მდგომარეობა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, კლინიკა სააკაშვილის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდის პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს.
„შეგიძლიათ მიმართოთ სამედიცინო დეპარტამენტს და მიიღოთ სრული ინფორმაცია. მისი სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკული ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაადგილების პრობლემა, „ვივამედის“ დირექტორი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში.
ადვოკატი: სააკაშვილი 20 კილოგრამით გახდა, წამლების მიღებაზე კი უარს აცხადებს >>
„ზოგადი სისუსტე აქვს, რა თქმა უნდა, შესაბამისად, არის გადაადგილების პრობლემაც, აქვს თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და აქვს პერიოდულად კოორდინაციის დარღვევაც“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მან აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია აქვს.
„ვერ გეტყვით სამომავლოდ რა და როგორ იქნება, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდეს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

სააკაშვილის საქმე

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. 12 მაისიდან სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.