თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია OPEC+ ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდა, რის შესახებაც შეხვედრის შედეგების შესახებ კომუნიკეშია ნათქვამი.
ამ ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე ერთ ბარელზე 93 დოლარამდე გაიზარდა.
„2022 წლის ნოემბრიდან OPEC+-ის წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის, აგვისტოს მოპოვებებთან შედარებით, დღე-ღამეში 2 მლნ ბარელით შემცირებისკენ დაკორექტირდეს საერთო მოპოვების დონე“, − ნათქვამია დოკუმენტში.
შეერთებული შტატები ნეგატიურად შეხვდა ნავთობის მოპოვების შემცირებას უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე და ორგანიზაციის გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა.
„ნათელია, რომ OPEC+ თავისი გადაწყვეტილებით სოლიდარობას უცხადებს რუსეთს. ჩვენ ამას შეცდომად მივიჩნევთ“, − განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რეალურად ნავთობის სადღეღამისო მოპოვება შესაძლოა ბევრად მეტადაც შემცირდეს, ვინაიდან ბევრი ქვეყანა ისედაც ჩამორჩება მათთვის ნებადართულ მოპოვებას. მაგალითად, თავად რუსეთი წლევანდელი ნოემბრიდან 2023 წლის ბოლომდე დღე-ღამეში მხოლოდ 10,478 მლნ ბარელის მოპოვებას შეძლებს (აგვისტოში ეს მაჩვენებელი 11,004 მლნ ბარელი იყო), მაგრამ ქვეყანა, როგორც ვიცე-პრემიერი ნოვაკი ამბობს, რეალურად მხოლოდ 9,9 მლნ ბარელს მოიპოვებს.
OPEC+-ის მომდევნო სხდომა მიმდინარე წლის 4 დეკემბერსაა დანიშნული. ამასთან მეორე დღეს, 5 დეკემბერს ოფიციალურად შედის ძალაში ემბარგო რუსული ნავთობის ევროკავშირში საზღვაო გზებით გადაზიდვებზე.