თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიშალოს და ეს მოთხოვნა სულ უფრო აქტუალური ხდება, განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიციურ პარტიაში არსებული პრობლემები განსჯის თემა გახდა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადების შემდეგ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს ღიად უწოდა ოლიგარქი და აღნიშნა, რომ მისი ფიგურა საზიანოა დღევანდელი ოპოზიციისთვის. დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „მოოლიგარქო ტიპაჟები", თქვა მან.
„ვფიქრობ, ბოლო დროს გადადგმული წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური გახდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
აღნიშნული პარტია თუ დაშლას არ აპირებს, აუცილებელია, სულ მცირე, გარდაიქმნას, აღნიშნა დეპუტატმა.
„ახლა ყველაფერმა თავი ამოწურა, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. სამწუხაროდ, ოპოზიციას უნარი არ აქვს, თვისობრივად განსხვავებული იფიქროს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეზარებათ შეთანხმება, საუბარი და უნდათ ფონს ლანძღვით გავიდნენ, რაც ყოველთვის არ მუშაობს.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსებისა და შიდა გავლენების გამო მიდის ბრძოლა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებულად გამწვავდა.