მამუკა მდინარაძემ კელი დეგნანს უპასუხა

ოპოზიციის გზავნილი შეესაბამება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს, აღნიშნა მდინარაძემ.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი უფრო მკაფიო უნდა იყოს თავის განცხადებებში, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხზე, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკელმა დიპლომატმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ მეტი დრო უნდა დაუთმოს არასათანადო გავლენის პრობლემას.
„ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ვუდასტურებთ რა პატივისცემას, ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით... თუ აქ არ იქნება მეტი მკაფიოობა და მეტად დაზუსტება, ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის პათოსს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამ დროისათვის საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება „ოლიგარქის“ განმარტებაა.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს.
უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ამასთან, ოპოზიციის შეთავაზებაა, ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე“, სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგ საკითხებთან მიმართებით ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვაში მის ჩართულობას.