ელექტრონული კენჭისყრა საქართველოში: პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

ახლა კანონპროექტი უნდა შეაფასონ ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს ელექტრონული კენჭისყრის სისტემის დანერგვასა და საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და დამკვირვებლების რეგისტრაციის ახალ წესებს.
კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გაიგზავნება, შესწორდება მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით და შემდეგ იქნება მიღებული მეორე და მესამე მოსმენით. ცვლილებების დამტკიცება 2022 წლის ბოლომდე იგეგმება.
„ჩვენ გავგზავნით ცვლილებებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და, რასაკვირველია, თუ იქნება შენიშვნები რეკომენდაციების სახით, დავუბრუნდებით ყველა საკითხის განხილვას, მაგრამ ჩვენ, სამუშაო ჯგუფი, ვთვლით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ასახავს ყველა რეკომენდაციის შესრულებას“, - განაცხადა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
ამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული გამოწვევები და პრობლემები, ფიქრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.
„არ არის საარჩევნო კომისიების ბალანსი და ცვლილებები არ პასუხობს მთავარ პრინციპს - ნდობის უზრუნველყოფას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი სიტყვებით, მიღებულ ცვლილებებში არ არის ასახული არჩევნებში ემიგრანტების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა, არ არის ამომრჩეველთა ხმების მოსაზიდად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გასაკონტროლებელი ბერკეტები.
გარდა ამისა, ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უზრუნველყოფს ხმების დათვლისა და მათი გადათვლის სისტემის გამჭვირვალობას.
„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს და საბოლოო ჯამში მიიღოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული.
ცვლილებების მიღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად არის აუცილებელი პუნქტი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კენჭისყრის დღე

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე დაინერგება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. კანონი საქართველოს ცესკოს უტოვებს უფლებას, განსაზღვროს უბნების რაოდენობა ელექტრონული კენჭისყრისთვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ყოველ მათგანზე იქნება სულ მცირე 3 ათასი ამომრჩეველი.
უბნებზე, სადაც ელექტრონული კენჭისყრა ჩატარდება, აღარ იქნება საჭირო ამომრჩევლების მარკირება და საკონტროლო ფურცელი საარჩევნო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით.
მარკირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელიც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. პატიმრებსა და სტაციონარების პაციენტებს მარკირება არ დასჭირდებათ.
ასეთ საარჩევნო უბნებზე შესაძლებელი იქნება ორი ან სამი საარჩევნო ყუთის დადგმა.
კენჭისყრისა და ხმების დათვლისთვის ელექტრონულ მოწყობილობას შეიძენს არა ცესკო, არამედ მთავრობა.
ცვლილებების თანახმად, ცესკო თავად განსაზღვრავს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურებს, უბნების გახსნის დროსა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესს.
ხმების ელექტრონული მთვლელიდან შედეგების ამობეჭდვა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის ფუნქციას შეასრულებს.
გარდა ამისა, ცესკო აირჩევს ბიულეტენების ახალ სახეობას, რომელიც ბოლო წლებში არ შეცვლილა, და კონვერტებს ბიულეტენებისთვის.
ყველა ბიულეტენი გაციფრულდება და განთავსდება ცესკოს საიტზე კენჭისყრის მეხუთე დღეს.

კომისიების დაკომპლექტება

ცვლილებების თანახმად, იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და თავმჯდომარეთა არჩევის პრინციპი, ასევე მოთხოვნების კომისიების წევრების მიმართ.
საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს დანიშნავენ საოლქო კომისიები და არა კონკრეტული საუბნო კომისიის წევრები. ამასთან, საუბნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი უნდა დაუჭიროს საოლქო კომისიის წევრთა ორმა მესამედმა, მათ შორის, ცესკოს მიერ დანიშნულმა სამმა წარმომადგენელმა. ხმის უფლება არ ექნებათ საოლქო კომისიის იმ წევრებს, რომელთა ნათესავიც საუბნო კომისიის თავმჯდომარეობის პრეტენდენტია.
თავად კომისიის წევრები არ უნდა იყვნენ წარსულში რომელიმე პარტიის კომისიების წევრები თუ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები. გარდა ამისა, კომისიის წევრები საარჩევნო წლის დასაწყისიდან ან ბოლო შუალედური არჩევნების წელს არ უნდა ირიცხებოდნენ იმ პირთა სიებში, რომლებიც პარტიებს თანხებს სწირავდნენ.

კონტროლის მექანიზმები

კანონპროექტში გაფართოვდა გარემოებათა სია, რომელთა საფუძველზე ხმების გადათვლა ხდება აუცილებელი. პროექტის თანახმად, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდება 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება.
გაიზრდება ასევე საუბნო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა - ორიდან სამ დღემდე.
2 ათასი ლარიდან 4 ათას ლარამდე გაიზრდება ჯარიმა საარჩევნო კამპანიების დროს ადმინისტრაციული რესურსისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისთვის.

წესები დამკვირვებლებისა და პარტიებისთვის

კიდევ ერთი სიახლე შეეხება დამკვირვებლებს ადგილობრივი ორგანიზაციებიდან.
დამკვირვებლებად ვერ იმუშავებენ წარსულში პარტიების კომისიების წევრები ან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე ის პირები, რომლებიც საარჩევნო წლის დასაწყისიდან ან ბოლო შუალედური არჩევნების წელს ამა თუ იმ პარტიას თანხებს ურიცხავდნენ.
პარტიებისთვის კი სიახლე იქნება მინიმალური პარტიული სიის შემცირება 100-დან 76 კაცამდე.