თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ტურიზმი და ავიაცია სწრაფი ტემპებით ვითარდება, განაცხადა ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის ანგარიშის პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის ასოციაციების, ტუროპერატორების, ავიაკომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ტურიზმის აღსადგენად გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო, რასაც სტატისტიკა ადასტურებს. 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ 83,8% შეადგინა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ კი - 65,3%.
მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენამ 53,8% შეადგინა და თითქმის 3,9 მილიონ ვიზიტს მიაღწია.
შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის კუთხითაც – 2019 წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში 94,6%-იანი აღდგენა დაფიქსირდა და შემოსავლების მაჩვენებელმა 2,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ქვრივიშვილის თქმით, მხოლოდ აგვისტოში შემოსავლების აღდგენის დინამიკამ 126,7% შეადგინა.
გარდა ამისა, 2019 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა ავიაციის სექტორში ავიამიმართულებების და ავიაკომპანიების რაოდენობა, ასევე ფრენების სიხშირე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს 43 ავიაკომპანია 86 მიმართულებით ახორციელებს.
პრეზენტაციაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმის 2025 წლამდე სტრატეგიას, რომლის მიხედვით, 2025 წლისთვის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.