ადვოკატი: სააკაშვილი 20 კილოგრამით გახდა, წამლების მიღებაზე კი უარს აცხადებს

ადვოკატის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საკვების მიღება უჭირს და ტკივილები აქვს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 20 კილოგრამი დაიკლო, მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე ის უარს ამბობს, განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობის კურსს გადის სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“. საავადმყოფოში მოხვდა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რომელიც 50-დღიანმა შიმშილობამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.

„წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც „ვივამედში" შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება“, – განუცხადა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღებას აზრი არ აქვს.
„სიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს“, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისი ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტს კუნთის ბიოფსია გაუკეთეს და ნევროლოგის მოთხოვნით თმის ნიმუში აიღეს.
ეჭვი არის დიაგნოზების სისწორეზე, იმიტომ რომ ფაქტია, ეს ყველაფერი, რაც აქვს, დაკავშირებულია ნევროლოგიასთან და დაკავშირებულია გასტროენტეროლოგიასთან. ამიტომ შეიძლება მკურნალობის რაღაც ახალი პროტოკოლი იქნას შემუშავებული“, – განაცხადა ადვოკატმა.
ექს-პრეზიდენტთან შესახვედრად საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ადვოკატი მესიმო დ’ანჯელო და ორი ექიმი – ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლახანი და ჯეიმს კობი, რომელიც, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ნობელის პრემიის ლაურეატია და საქართველოში თავისი ინიციატივითა და ხარჯით ჩამოვიდა.
უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივა სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნის. მათი აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.
ჯეიმს კობმა სააკაშვილთან შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხა. ხაჭაპურიძის თქმით, ისინი ელოდებიან პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან.

სააკაშვილის საქმე

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.