„რთველი-2022" - კახეთში მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია

2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია, მევენახეების შემოსავალი კი 230 მლნ ლარს აღწევს. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, გადამუშავებული 222 ათასი ტონა ყურძნიდან 127 ათას ტონამდე „რქაწითელია“, დაახლოებით 82 ათას ტონამდე – „საფერავი“.

„პროცესი ძალიან ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ამ რაოდენობის ყურძნის მიღებით და გადამუშავებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 230 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს ჩვენმა მევენახეებმა, და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ „რქაწითელისა“ და „კახური მწვანესთვის“ – 0,35 ლარი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს