ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ხუთი დეპუტატი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა, განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. კანონმდებლების განმარტებით, მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.

„ჩვენ შემოგვიერთდა პარლამენტის ხუთი წევრი, რაც ნიშნავს, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ ჰყავს. თუმცა ჩვენ, ცხრა დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში ვრჩებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მოძრაობის ახალი წევრები გახდნენ დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. შესაბამისად, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ 75 დეპუტატი დარჩა.
მოძრაობას ასევე შეუერთდნენ ცნობილი ექსპერტები - თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს