თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ოპოზიცია, როგორც არასდროს ბოლო 30 წლის განმავლობაში, გათიშული და დაბეჩავებულია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა ოპოზიციის დიდი ნაწილის უკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ ის მონაწილეობს მმართველ პარტიასთან სამუშაო ჯგუფში, მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად მუშაობაზე ხელისუფლების გეგმის მიხედვით. ოპოზიციონერები მუშაობენ ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
„ოპოზიცია გათიშული და დაბეჩავებული რომ არის, ასეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს... ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რატომ სხედხართ და მუშაობთო. იმიტომ კი არ ვზივარ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დანახვა მიხარია, მინდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ამისთვის ვმუშაობთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიციონერის თქმით, ის იმაზე ბრაზდება, რომ ამის ახსნა უწევს.
„ასეთი არასერიოზული, ქაოსური და ბრიყვული აზრები, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს, ყველაფერს აზიანებს და ამიტომაც არის ოპოზიცია იქ, სადაც არის. ეს განცხადებები არის არა მხოლოდ ბრიყვული, არამედ მავნებლურიც. რისთვის გვსაყვედურობს? რომ ვმუშაობთ? – ევროკომისიის სახელმძღვანელოს და ინსტრუქციას მივყვებით“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.