მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპი CNN-ს უჩივის: სარჩელი უკვე სასამართლოშია

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი − Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN ცილისწამებაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ტელეკომპანიისგან 475 მილიონ დოლარს ითხოვს მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ.

„ტელეარხი არა მხოლოდ უარყოფითად აშუქებდა ინფორმაციას მოსარჩელის შესახებ და უგულებელყოფდა ყველა დადებით ინფორმაციას, არამედ CNN ცდილობდა გამოეყენებინა თავისი უზარმაზარი გავლენა, როგორც„სანდო“ ახალი ამბების წყაროს, რათა ჩირქი მოეცხო მოსარჩელისთვის მაყურებლისა და მკითხველის თვალში, რათა პოლიტიკურად დაემარცხებინა იგი“, − ნათქვამია ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში გადაგზავნილ დოკუმენტში.

როგორც დონალდ ტრამპის სარჩელშია ნათქვამი, „კულმინაცია იყო ის, რომ CNN-მა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიზნად „ტრამპის გაძევება“ დაისახა.
ამასთან ტრამპის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ „CNN-ის ძირგამომთხრელი კამპანია, რომელიც მოსარჩელის შეურაცხყოფასა და ცილისწამებას ისახავს მიზნად, ბოლო თვეებში საკმაოდ გააქტიურდა, რადგან CNN შიშობს, რომ მოსარჩელე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს“.
როგორც გამოცემა The Hill განმარტავს, იმისათვის, რომ ცილისწამების ფაქტები დაამტკიცონ, სახელმწიფო ჩინოვნიკებმა და სხვა საჯარო პირებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება იმისა, რომ ჟურნალისტები მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით და ღიად უგულებელყოფდნენ სიმართლეს თავიანთ რეპორტაჟებში. აშშ-ში კი ამის პრაქტიკაზე დამტკიცება ძალიან რთულია. მაგალითად, The New York Times-ს ცილისწამებასთან დაკავშირებული არცერთი საქმე არ წაუგია 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.