რაჭაში „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება მოხდება

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც გადაამუშავებს „ხვანჭკარის" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიის სუბსიდირება მოხდება კილოგრამზე ოთხი ლარის ოდენობით. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც ფერმერთა მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც გადაამუშავებს „ხვანჭკარის" მიკროზონაში მოწეულ „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს. 1 კგ „ალექსანდროულსა" და „მუჯურეთულში" სახელმწიფო 4 ლარს გადაიხდის.

გარდა ამისა, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება, მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს „ალექსანდროულის“ ან/და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ შვიდი ლარი და შეისყიდოს არანაკლებ სამი ტონა ყურძენი.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეულ ყურძენს ღვინის კომპანიები ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდეგ ჩაიბარებენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს