თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა აეროპორტების უმსხვილეს ოპერატორთან, თურქულ TAV Airports-თან ერთად აქტიურად იმუშაოს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ახალი ავიახაზებისა და მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა, მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
TAV Georgia, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს, თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. საქართველოში მისი საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე თანამშრომლობას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ პანდემიამ ავიაკომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მთავრობის მეთაური მიესალმა TAV-ის ოპერატიულ გადაწყვეტილებებს არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება შემოთავაზებული.
ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას.
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას უზარმაზარი ზარალი მიაყენა. ტურიზმის აღორძინება 2021 წლიდან დაიწყო – 1 თებერვალს ქვეყნის საჰაერო, ხოლო 1 ივნისს – სახმელეთო საზღვრები გაიხსნა.
საქართველოს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან 2022 წლის რვა თვეში 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 198,3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები, 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების პიკი იყო, 92,8%-ით აღდგა.
2022 წლის აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 522,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 163%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე – 26,7%-ით მეტი.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2022 წლის იანვარი–აგვისტოში 208,9%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3,3 მილიონი შეადგინა (48,5%-ით ნაკლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით).
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. ხოლო 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.