თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა კოლეგებს მმართველი პარტიიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. მანამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი თქვა ევროკავშირის პირობებზე ხელისუფლების გეგმით მუშაობაზე და ალტერნატიული პროცესი წამოიწყო.
„მოვუწოდებ უმრავლესობას, ერთობლივად შევიმუშაოთ ეს კანონპროექტი, ჩვენ პიროვნებებზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და უნდა ავსახოთ ის ვითარება, რომელიც არსებობს, პრევენციული კანონპროექტი უნდა შევქმნათ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბეჟაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის საკუთარ ვერსიაზე მუშაობდა. ოპოზიციონერმა არ უარყო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთანაც მიმდინარეობდა.
„უმრავლესობის მიერ კანონპროექტის წარმოდგენის შემთხვევაში ჩვენც ჩვენეულ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს და ვიმედოვნებ, რომ ამ ორი ვერსიის შეჯერება მოხდება", – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ოპოზიციონერისთვის მიუღებელია უკრაინული კანონის პირდაპირ გადმოღება, რადგან საქართველოში სრულიად განსხვავებული რეალობაა.
„ჩვენ უნდა დავწეროთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ქართული ვერსია, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში შემოთავაზებული ცვლილება იქნება საკანონმდებლო თვალთმაქცობა“, – აღნიშნა მან.
უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ქართული ოპოზიცია საქართველოში ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა.
ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის მართვის პროცესში. უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უკრაინის მსგავსი კანონის მიღების შემდეგ მისი მოქმედების ქვეშ აღმოჩნდებიან თვითონ ოპოზიციონერები, მათ შორის არიან პარტია „ლელოს" ლიდერები, ყოფილი ბანკირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარტია „პროგრესი და სამართალის“ ლიდერი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელი დავით კეზერაშვილი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.