ლევან დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება

ეს ბოლო წლიური ანგარიში იქნება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიასთვის, რომლის უფლებამოსილებაც მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 6 ოქტომბერს წარდგება, 7 ოქტომბერს კი საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიურ ანგარიშს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წარუდგენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
პაპუაშვილის თქმით, თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ხუთშაბათს ყოფილიყო ომბუდსმენის წლიური ანგარიში, ხოლო პარასკევს „მინისტრის საათი“, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტის გამო „მინისტრის საათის“ თარიღმა ერთი დღით გადმოიწია.

„ხუთშაბათს იქნება დავითაშვილის „მინისტრის საათი“, პარასკევს – ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენა პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეს ბოლო წლიური ანგარიში იქნება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიასთვის, რომლის უფლებამოსილებაც მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. მას მეორე ვადით არჩევის უფლება არ აქვს.