მსოფლიო დღეს

პროტესტის გადაცემა გრძელდება: რუსეთის ელჩი ფინეთის საგარეო უწყებამაც გამოიძახა

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ელჩი ფინეთში პაველ კუზნეცოვი დღეს, 3 ოქტომბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთში შესვლის თაობაზე პროტესტი გადასცეს.

„ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა უმკაცრესად დაეგმო ფიქტიური რეფერენდუმები და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსია, რაც უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევაა“, — ნათქვამია ფინეთის საგარეო უწყების განცხადებაში Twitter-ზე.

მანამდე რუსეთის ელჩები გამოიძახეს ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, დანიის, იტალიის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში. დასავლეთი დონბასში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ჩატარებულ რეფერენდუმებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებებს რუსეთის მიერ სახალხო რესპუბლიკებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთთან შეერთების შესახებ. აღნიშნული შეთანხმებების რატიფიკაციას სახელმწიფო სათათბირო, სავარაუდოდ, დღეს მოახდენს.