საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

შემოდგომაზე ფერომონიანი დამჭერები განსაკუთრებით აქტიურად მონტაჟდება აცივებასთან დაკავშირებით, როდესაც აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში მექანიკურ ფერომონიან დამჭერებს აქტიურად ამონტაჟებენ, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.

შემოდგომის დადგომასთან ერთად მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება, რაც ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს. მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში უკვე განთავსებულია 91.600 ცალი ფერომონიანი დამჭერი, მათ შორის, 83.546 „მოიზიდე და გაანადგურე" სადგური.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები აქტიურად გამოიყენოს. თითოეული განადგურებული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის შემცირებულ რიცხოვნობას და როგორც თხილის, ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადარჩენილ მოსავალს.
ფერომონიანი დამჭერი აზიური ფაროსანასგან სხვადასხვა სახეობის მცენარის დასაცავად გამოიყენება. ამ კონსტრუქციებს არ ახასიათებს უსიამოვნო სუნი და არაა ტოქსიკური.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს