მსოფლიო დღეს

ალი ჰამენეი: ირანში საპროტესტო აქციები შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაგეგმეს

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ირანში ქაოსი ამერიკისა და ისრაელის მიერ იყო დაგეგმილი, ხოლო მაჰსა ამინის სიკვდილი უბრალოდ იქცა არეულობის საბაბად, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ.
ეს განცხადება აიათოლამ შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე გააკეთა.

„ვაცხადებ მკაფიოდ, რომ ეს არეულობა და არასტაბილურობა ამერიკის, ასევე უზურპატორული და ყალბი სიონისტური რეჟიმისა და მისი მიმდევრების მიერ იყო დაგეგმილი. ხოლო მათი მსახურები და საზღვარგარეთ მყოფი ზოგი მოღალატე ირანელი ეხმარებოდნენ მათ“, — აღნიშნა ჰამენეიმ.

მისი მტკიცებით, რომ არა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილი, ირანის მტრები რაიმე სხვა საბაბს გამოიგონებდნენ ქვეყანაში ქაოსისა და არეულობის მოსაწყობად.
აიათოლას მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორების „მთავარი პრობლემა — ძლიერი და დამოუკიდებელი ირანია, რომელიც პროგრესის გზას ადგას“.
„ისინი გრძნობენ, რომ ირანი ყოვლისშემძლე ძალაუფლებისკენ მოძრაობს და ამის ატანა არ შეუძლიათ“, — დარწმუნებულია აიათოლა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციებში მონაწილეები ფარისევლები, სეპარატისტები და მონარქისტები არიან, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ მომხდარზე.
ირანში საპროტესტო აქციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ზნეობისა და მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. უფლებადამცველების განცხადებით, ამინი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც დაიღუპა კიდეც ახალგაზრდა ქალი. როგორც ორგანიზაცია Iran Human Rights აცხადებს, ამ დროისათვის ძალოვანებთან შეტაკებებში დაღუპულია მინიმუმ 133 ადამიანი. აქედან 92 კაცი – მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქციებისას, ხოლო კიდევ 41 ქალაქ ზაჰედანში მოწყობილ „სისხლიან პარასკევს“ შეეწირა. იქ მოსახლეობა მიტინგებზე მეზობელი ქალაქი ჩეჰბეჰარის პოლიციის შეფის მიერ 15 წლის გოგონას გაუპატიურების გამო გავიდა, პოლიციამ კი მათ ცეცხლი გაუხსნა.