საქართველოში მშენებლობაზე ზედამხედველობა იცვლება

ახალი პროცედურა გაამარტივებს მშენებლობაზე ზედამხედველობის ფუნქციებს, მიაჩნიათ პროექტის ავტორებს
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა დაიწყეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც მშენებლობებზე ზედამხედველობის წესში ცვლილებებს ითვალისწინებს.
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მთავრობა აღარ დაადგენს მშენებლობის შემოწმების წესებს.
ცვლილებების მიხედვით, ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად გადავა აკრედიტებულ მაკონტროლებელ ორგანოებს და ზედამხედველობას განახორციელებენ მხოლოდდამხოლოდ სერტიფიკატის მქონე ექსპერტები.
პროექტის ავტორები, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ ახალი პროცედურა გაამარტივებს ზედამხედველობის ფუნქციებს და განვითარების საშუალებას მისცემს მშენებლობის ინსპექტირების ორგანოებს, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვება მოუწევთ.
საქართველოსთვის მშენებლობა ერთ-ერთი განვითარებადი სფეროა. ქვეყანაში ყოველდღიურად სულ მცირე 10 ტენდერი ცხადდება ობიექტების მშენებლობაზე, გარდა ამისა, მშენებლობის მასშტაბებს კერძო კომპანიებიც აფართოებენ.
განსაკუთრებით შესამჩნევია მშენებლობების გაფართოება დიდ ქალაქებში, სადაც ძველი საცხოვრებელი ფონდი იცვლება.