ლოს-ანჯელესის მაყურებელი „ვეფხისტყაოსნის“ პირველ ეკრანიზაციას გაეცნობა

ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია,
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა მხატვრებმა შექმნეს ანიმაციური ფილმი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით - პრემიერა ლოს-ანჯელესში 7 ოქტომბერს გაიმართება.
ეს პოემის პირველი ეკრანიზაციაა. პროექტის რეჟისორი და სცენარისტია მხატვარი-ვიზუალისტი მირზა დავითაია, რომელიც საქართველოდან აშშ-ში 8 წლის წინ გადავიდა.

„მე წარმოშობით ვარ უძველესი და უნიკალური კულტურიდან. საუკუნეების განმავლობაში საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე და აღმოსავლეთის და დასავლეთის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. კავკასიაში მომხდარა უამრავი წარმტაცი ისტორია, რომელიც დასავლურმა აუდიტორიამ უნდა აღმოაჩინოს“, - უამბო დავითაიამ Broadway World-ს.

ანიმაციურ ფილმში დავითაიამ გამოიყენა როგორც ტრადიციული 2D და 3D ანიმაციის ტექნიკა, ასევე ექსპერიმენტული მიდგომები.
კერძოდ, როტოსკოპია. ეს არის ანიმაციური ტექნიკა, რომლის დროსაც ფილმის ანიმაციური ან კომბინირებული ნაწილი იქმნება გადაღებული კინოფირის კადრების გადახატვით რეალური მსახიობებითა და დეკორაციებით.
რაც შეეხება სიუჟეტს, დავითაიას თქმით, მისი მისია იყო ეს წარმოუდგენელი ამბავი ფართო აუდიტორიისთვის მიეტანა. და, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ადაპტაციისთვის მან ბევრი რამ შეცვალა, რათა ისტორია უფრო აქტუალური ყოფილიყო თანამედროვე აუდიტორიისთვის, მთავარი სიუჟეტი უცვლელი დარჩა.
ფირის ქრონომეტრაჟი 108 წუთია. წარმოება - კინოსტუდია GI-Films. ანიმაციური სათავგადასავლო დრამა კინოთეატრ Laemmle-ში იქნება ნაჩვენები. ჩვენების ბილეთები უკვე იყიდება კინოთეატრის სალაროებში და ონლაინ.
„პრინცი ტარიელი ეძებს თავის დატყვევებულ შეყვარებულს ნესტანს, მაგრამ უშედეგოდ. ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ის საცხოვრებლად გამოქვაბულში გადადის, რათა ხალხისგან შორს იყოს და თავისი სიყვარულის ხსოვნის ნიშნად ვეფხვის ტყავში იმოსება. მაგრამ მოულოდნელად ხსნა გამოჩნდება“, - ნათქვამია ფილმის ანონსში კინოთეატრის საიტზე.
რეჟისორმა და მხატვარმა მირზა დავითაიამ 1992-2000 დაამთავრა ნიურნბერგის სამხატვრო აკადემია (გერმანია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1993 წლიდან წერს სცენარებს, არის ანიმაციური და მხატვრული ფილმების პროდიუსერი. მათ შორისაა „ვიწრო ხიდი“ 2021 წელს, „უკანასკნელი ციხე“ 2020 წელს და „ანტონი“ 2019 წელს, რომლის რეჟისორიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ზაზა ურუშაძე იყო.
2016 წელს მირზამ შექმნა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი" (ანუ „ინდოეთის პრინცი“). წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა და 2016 წელს „წლის საუკეთესოს“ პრემიაზე იყო ნომინირებული.
2010 წელს მირზა იყო გახმაურებული ბოევიკის „ომის 5 დღე“ პროდიუსერი, რომელშიც თამაშობდნენ ენდი გარსია, რუპერტ ფრენდი, ველ კილმერი და სხვ. 2013 წელს იყო თანაპროდიუსერი კომედიის „ჯეკი ქალთა სამეფოში“ (Jacky in Women's Kingdom), სადაც მთავარი როლები შეასრულეს შარლოტა გენსბურმა (Charlotte Gainsbourg) და მიშელ ჰაზანავიჩუსმა (Michel Hazanavicius).
აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე მირზა დავითაიას საქართველოში ეკავა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობა - იყო დეპუტატი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.