თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. 8 ოქტომბერს თბილისში რიგით მეოთხე „ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
„ტრადიციულად, ამ დღეს ქართული გემოები, ქართული ხმები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ასობით უცხოელსა და ადგილობრივ სტუმარს ერთ სივრცეში გააერთიანებს“, - პირდებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას. მცირე, საშუალო და დიდი მარნები სტუმრებს საკუთარ უნიკალურ ღვინოებს შესთავაზებენ. გარდა ღვინისა, ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის პროდუქცია: ქართული ტრადიციული პური, ჩურჩხელა, ჩირი, ქართული ყველი, თაფლი და სხვა.
ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში იქნება დატვირთული გასართობი პროგრამებით. სტუმრები კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ღონისძიებებს იხილავენ, მოისმენენ ქართულ ფოლკლორს. კულმინაცია კი ყველასათვის საყვარელი ქართული ბენდების კონცერტი იქნება.
ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. ლოკაცია - სიონის ქუჩა (შარდენი).