ორბელიანების სასახლეში დემეტრე გამსახურდიას კონცერტი გაიმართა - ფოტო

შვეიცარიაში მოღვაწე დემეტრე გამსახურდიას მუსიკა ქართულ მრავალხმიანობაზეა დაფუძნებული
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი– Sputnik. ორბელიანის სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის, კომპოზიტორისა და პიანისტის, დემეტრე გამსახურდიას ნაწარმოებების საღამო გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ მუსიკოსები, თანამედროვე მუსიკის მიმართულებით მომუშავე პროფესორები და დიპლომატები.
ღონისძიების მიზანი საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერაა. ქართული თანამედროვე პროფესიული მუსიკის ორბელიანების სასახლეში წარდგენა ქართულ საზოგადოებაში ამ ჟანრის მუსიკის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
კომპოზიტორისა და პიანისტის დემეტრე გამსახურდიას საღამო ორბელიანების სასახლეში.
„მე მგონი ეს სრულიად გამართლებული და სწორია, რომ პრეზიდენტის სასახლეში პირველი პრეზიდენტის შვილიშვილს მიეცეს საშუალება საკუთარი ნაწარმოებები შეასრულოს. აქვე მინდა დავძინო, რომ ეს საშუალება ეძლევა არა მხოლოდ ბაბუის გამო, იმიტომ, რომ თვითონაა გამორჩეული პიანისტი და კომპოზიტორი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, დემეტრე გამსახურდია უკვე აღიარებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - შვეიცარიაში, სადაც ცხოვრობს, გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში და ახლა საქართველოშიც აქვს კონცერტები.
კომპოზიტორისა და პიანისტის დემეტრე გამსახურდიას საღამო ორბელიანების სასახლეში.
საჭიროა, რომ ის ახალგაზრდები, ვინც უცხოეთში, ემიგრაციაში იზრდებიან და მოღვაწეობენ, არ დაკარგონ კავშირი საქართველოსთან, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის საწყისი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ძალიან საინტერესო ფორმებითა და სხვა საკონცერტო დარბაზებში გაგრძელდება. გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დემეტრე გამსახურდიას მუსიკა ქართულ მრავალხმიანობაზეა დაფუძნებული. კომპოზიტორი თანამედროვე მუსიკის ისეთ ელემენტებს იყენებს, როგორიცაა „მინიმალური მუსიკა“ და „სპექტრალური მუსიკა“.
დემეტრე გამსახურდიამ ორბელიანების სასახლეში შეასრულა მუსიკალური სპექტაკლი „მიკარება“, რომელიც მან შვეიცარიის მთებში შექმნა.